kuklaჩემს ოჯახშიც უძალადიათ ქალზე,  დღემდე ძალადობენ, არამარტო ოჯახი, საზოგადოება, სოციუმი, დამოკიდებულებები  რომლებითაც გაიზარდნენ ჩვენი მშობლები, მათი მშობლები, ჩვენ. ბავშვობიდანვე, ყველანი ძალადობის მსხვერპლნი ვართ, გოგოებიც და ბიჭებიც. ჩვენზე ძალადობდნენ: თამაშებით, სპორტით, წიგნებით, ფერებით, ტანსაცმლით, აქსესუარებით, მომავალზე ფიქრით, შეცდომების პატიება/არ პატიებით, ზედმეტსახელებით, “ტრადიციებით”, უმეცრებით. ჩვენზე ძალადობენ მშობლები, მათი მშობლები, მასწავლებლები, ექიმები, პოლიტიკოსები, მაღაზიები, ბიზნესი, ფილმები, სერიალები, მედია, რელიგია, სახელმწიფო. ზოგჯერ დაბადებამდეც ძალადობენ, რაღაცა კონკრეტული იდეის გამო, რადგან ბიჭი უნდოდათ. ჩემს ძმასაც ბიჭი უნდოდა, რომ ჩაეძიო ვერ გეტყვის რატომ, მაგრამ უნდოდა, უფრო მაგარი კაცობა ეგონა. რა თქმა უნდა, ამ მიზეზის გამო არ შეცვლილა ის ფაქტი, რომ ორი გოგოს მამაა, მაგრამ ბევრისთვის ეს მიზეზი საკმარისია, რომ მამობა/დედობაზე უარი თქვას. ნეტა რომელი საუკუნის გადმონაშთია ეს სურვილი? თითქოს ყველა ქართველი კაცი მეფე იყოს და მემკვიდრე სჭირდებოდეს. ზოგს გვარის გამგრძელებელი უნდა, მაგრამ რატომ უნდა რომ მისი გვარი გაგრძელდეს, ამას ვერ გეტყვით. უნდა და რა ქნას?!.

არ ვიცი, ვინ უფრო დამნაშავეა, რომელმა მხარემ წააგო ომი, სამართლიანობისთვის ბრძოლაში? ალბათ ყველამ ერთად! ყველა ერთადაა დამნაშავე, იმისთვის, რომ ასეთი კაცები და ქალები აღზარდეს. ორივე მხარეზე ძალადობრივი დამოკიდებულების გამოა,  ქალებს რომ კლავენ კაცები. უბრალოდ, ფიზიკურად ძლიერი იმარჯვებს, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში კაცია. კაცი, რომელსაც დააჯერეს, რომ ის უფრო მნიშვნელოვანია, ის უფრო ძლიერია, ის უნდა იყოს ოჯახშიც და სახელმწიფოშიც წამყვანი, მას უნდა მოხვდეს, მას უნდა მოეკითხოს ყველა შეცდომისთვის, მან უნდა დაიცვას ქალი, მან უნდა იმუშაოს, ოჯახში შემომტან/მამა-მარჩენალი უნდა იყოს, გეი არ უნდა იყოს (არც ქალი უნდა იყოს გეი,მაგრამ “ლეზბიანკებს არაუშავთ”), არ უნდა იტიროს (კაცები არ ტირიან!) და ა.შ. ამ ფიქრებით რომ ზრდი ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა არც სქესს, არც გენდერს, რა თქმა უნდა, ეს მის მომავალ მსოფლმხედველობაზე აისახება. ამხელა პასუხისმგებლობას რომ ვაკისრებთ ვიღაცა პავლეს, რატომ გვიკვირს, რომ ის ამის სანაცვლოდ რაღაცას ითხოვს ? –  “პატივისცემას”, რომელიც ბევრი მამრისთვის, ხშირ შემთხვევაში, მონობას უდრის. მონას კი, გინდ სახეში გაარტყი, გინდ წიხლებით შედექი და გინდ მოკალი. შეუძლიათ და არ ქნან?!.

kukla5სამწუხაროდ, ძალიან ბევრია, იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ  სუსტი სქესის წოდება მათთვის ზედგამოჭრილია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ  კაცმა ადგილი უნდა დაუთმოს, რომ  დედოფალივით უნდა აცხოვროს, ფული უნდა მისცეს, კაპრიზები და მოთხოვნები შეუსრულოს. რატომღაც მგონია, რომ ეს ქალები დასაწყისშივე მზად არიან, იციან, რომ ოდესმე მოხვდებათ, მაგრამ მანამ, სანამ ,სახლში საჭმელი და გარეთ ძლიერი კაცის ცოლის სტატუსი აქვთ -იტანენ. ზოგჯერ გამოენთებიან ხოლმე და ძალით ფემინისტურ ტექსტებს წამოისვრიან, რომ ყველანი თანასწორები უნდა ვიყოთ, რომ მათი აზრიც გასათვალისწინებელია და ა.შ.

ისევ ჩვენ, ყველამ, უნდა დავიცვათ მათი უფლებები, რადგანაც თვითონ არ უნდათ, არ იციან, “არ სჭირდებათ”. “ჩემი ოჯახის საქმეა” – სიტყვები, ყველამ უნდა უგულებელვყოთ – ეს ყველას საქმეა!ასეთ ქალებს არასდროს ექნებათ თანასწორობის მოთხოვნის უფლება, რომლებიც თვლიან, რომ კაცებმა ადგილი უნდა დაუთმონ, კარი უნდა გაუღონ, ფული უნდა მისცენ, ქალად უნდა აგრძნობინონ თავი – ნაზ არსებებად, სუსტ სქესად.  უნდათ და რა ქნან?!.

განათლების პრობლემააო, ვერც მაგას ვიტყვი(სხვა ტიპის განათლებაა საჭირო). გადმოსდიოდა ტვინი ჩემს მასწავლებელს/ლექტორს, მაგრამ მოკალით და თვლის რომ ის სუსტი სქესია, და ფემინური უნდა იყოს, ლამაზი, მომთმენი, საჭმელი უნდა უკეთოს ქმარს და სახლი უნდა ულაგოს. ასეც გვასწავლეს (სასწავლო ლიტერატურაც უწყობს ხელს), ზოგმა ეს შეისრუტა, ზოგმა უფრო მეტი კითხვა დასვა და ცოტა მოეგო გონს. მაგრამ ვინც ვერ მიხვდა, რომ რიგ საკითხებზე კითხვებია დასასმელი, ვინც უბრალოს იმას უჯერებს, ვისაც თვლის რომ დაეჯერება, იმათმა რა ქნან?!.

kukla4რამდენჯერ უნდა შეიქმნას უბედური ოჯახი, რამდენჯერ უნდა მოუნდეს, ვიღაცა  მუტრუკს, გოგოს თავის გემოზე გაზრდა, რამდენჯერ ვერ უნდა მიხვდნენ გოგოები, რომ მათ უფლებები აქვთ, რომ მათაც აქვთ ბედნიერების უფლება. როდესაც გოგოები, თვითონ დაიწყებენ პრეტენზიების გამოთქმას, როდესაც ისინი თვითონ მიხვდებიან რომ სათამაშოები არ არიან, მაშინ დაიწყება ძვრა, ყინულის ლღობაც. ყინულის, რომლისთვისაც გლობალური დათბობაა საჭირო.მაგრამ ამის მისაღწევად წლებია საჭირო, ძალიან ბევრი ქალი შეეწირება ამ ბრძოლას. გოგოებს უნდა დავანახოთ, რომ კარგია, როცა, წარმატებული ხარ, კარგია, როცა ჭკვიანი ხარ, კარგია როცა ემანსიპირებული ხარ, როცა ძლიერი ხარ, როცა ვერავინ დაგჩაგრავს. რაც არ იცი, იმაზე ვერც პრეტენზიას გამოთქვამ, ვერც იოცნებებ. არ იციან და რა ქნან?!.

kukla2

ახლა მილანში ვარ, (აქედან გიყურებთ მთელი ოჯახით). იმ დღეს, სეირნობისას,  ერთ უზარმაზარ კედელს გადავაწყდი, რომელიც მიძღვნილია იმ ქალების ხსნოვნისთვის, რომლებიც კაცების მიერ ძალადობას შეეწირნენ(ესაა ამ პოსტის დაწერის მიზეზი). ხოდა, თუ დაგამშვიდებთ გეტყვით, რომ ყველგან კლავენ ქალებს, ყველგანაა ეს პრობლემა (ალბათ დანიაში არა, არ გამიგია არსად. იქ, მგონი, საერთოდ არავის კლავენ, მაგრამ ეს სხვა თემაა). მთელ მსოფლიოში აკნინებენ და ამცირებენ ქალებს. ძალადობენ, ზემოდან უყურებენ, კლავენ. ვინ რა გზით ებრძვის ამას, არ ვიცი, მაგრამ ყველგან რომ ომია – ცხადია.  უფრო ბევრი კედელია საჭირო, უფრო ბევრი აქცია, უფრო ბევრი პროტესტი, უფრო ბევრი რეპორტაჟი, უფრო დიდი სურვილი – იმისა, რომ რაღაცა შეიცვალოს, რამდენი ქალი უნდა მოკლან კიდევ (აღარ დარჩა),  რომ მივხვდეთ, არასწორი გზით მივდივართ, რომ რაღაცა შეგვეშალა, რომ ქალებიც ადამიანები არიან, ის ქალებიც, რომლებიც, ანატომიურად, კაცებად გაჩნდნენ. მე არ მახსენდება ტრანსგენდერი კაცი მოეკლათ, მაგრამ ქალებს თვეში ერთს კლავენ, თითქოს ძალიან ბევრნი იყვნენ. იმედია, მალე გავაანალიზებთ, რომ ფემიციდიც დანაშაულია, რომ დანაშაული უნდა დაისაჯოს, რომ ორჯერ ორი ოთხია, რომ წყალი სველია. საზოგადოებას არ აწუხებს ქალის მკვლელობა, სანამ თვითონ არ მოკლავენ, ან უახლოეს ნათესავს არ მოუკლავენ, სახელმწიფომ კიდევ რა ქნას. არ აწუხებსო და რა ქნას?!.

არ გვაწუხებს?

გვაწუხებს და რა ვქნათ?!.

And so this is Christmas, and what have we done?  another year over…kukl1