მუცლის ტკივილი-საავადმყოფოში წასვლა-ანალიზების აღება-ბრმა ნაწლავი-ნარკოზი-ოპერაცია-პალატა N510-თანაპალატელი N1-თანაპალატელი N2

ბევრი რომ არ ვისაუბრო, პირდაპირ პალატა N510 ით დავიწყებ, რომელიც განკუთვნილია 2 პაციენტისთვის, მე- მესამე ვიყავი. მარჯვნივ მოხუცი, სვანი ბაბუ მეწვა-კახა, მარცხნივ არც ახალგაზრდა მაგრამ არც მოხუცი-გიორგი. ორივეს, უფრო სწორად სამივეს სხვადასხვა ოპერაცია გვქონდა გაკეთებული:ღვიძლის, ბრმა ნაწლავისა და თიაქრის.

პაციენტი N1, კახა პაპა

სვანიო, რომ ამბობენ, აი ეგეთი ბაბუ, სვანეთიდან ათასში ერთხელ რომ ჩამოდის და ამჯერად საოპერაციოდ რომ ჩამოვიდა, აი ესეთი კაცია. ტელეფონზე თავისიანებს სვანურად ესაუბრება და არც არაფერი მესმის. მარტო სახელით თუ მიხვდებით რომ ქართველს ელაპარაკება, სხვა ყველაფერი სრულიად განსხვავებული განზომილებით ისაზღვრება, გრცხვენია რომ ქართული ენა არ იცი, და ქართველს, ქართველის არ გესმის. იმის მიუხედავად რომ სვანია და სხვანური სრულებით ყოფნის, ქართულსაც იდეალურად ფლობს, აქა-იქ, პატარ-პატარა შეცდომებს უშვებს, მაგრამ ბევრ ადამიანზე გამართულად საუბრობს, ცდილობს მაინც. რამე არ შეეშალოს, ალბათ იმიტომ, რომ ფიქრობს ვინმეს სალაპარაკო არ გავხდეო, “ქართველია და ქართული არ იცისო”. ქართველობა რომ ენის ცოდნით არ ისაზღვრება, ამაზე არ ვდაობთ, ეს ცხადია. ის დაახლოებით 70-75 წლისაა, რამდენჯერმე ახსენა ასაკი, მაგრამ სამწუხაროდ ზუსტი რიცხვი არ მახსოვს მისი მხცოვანების ზუსტად გადმოსაცემად, არ დამამახსოვრდა. თუ სწორად მახსოვს ღვიძლთან დაკავშირებული ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, პლუს შაქრიანი დიაბეტი. 6 დრენაჟის შლანგი გამოდიოდა მისი მუცლიდან და სხვადასხვა პაკეტს სხვადასხვა ფერის სითხით ავსებდა. მე რომ მივედი უკვე 10 დღე იყო გასული რაც, იქ, იმავე პალატასა და იმავე საწოლში, ერთსა და იმავე პოზაში იწვა. სულ წელის ტკივილზე წუწუნებდა. ექთნები ხან წამოაჯენდნენ, ხან ისევ იმავე პოზაში აბრუნებდნენ.

დიდად არ გამომიდია თავი დიალოგებისთვის, არც ერთს ვესაუბრებოდი და არც-მეორეს. ათასში ერთხელ, სრული მოწყენილობის ნიადაგზე, თუ რომელიმე, რამეს მეტყოდა და თემა, ასე თუ ისე, საინტერესო იყო, ცოტა ხანგრძლივად ვუგრძელებდი საუბარს, თუმცა ბოლოს ეგეც მეზარებოდა და ვწყვეტდი, რაღაცნაირად რბილი გადასვლით, რომ ლაპარაკობ და მერე რომ აღარ ლაპარკობ, მაგრამ ვერავინ ხვდება რომ ძალით შეწყვიტე და არა უბრალოდ თავისით მოხდა ასე. მათი ისტორიები ძირითადად ერთმანეთში გადაძახილებით გავიგე. მე შუაში ვიწექი, როგორც უკვე აღვნიშნე მე მესამე გოჭი ვიყავი, მეცამეტეს რომ არაფრით ჩამოუვარდება ეგეთი. თუ რამე მჭირდებოდა, ექიმის გამოსაძაღებელი ღილაკი არ მქონდა და ხან კახას ვთხოვდი, ხანაც-გიორგის. ხოდა ასე, ერთმანეთს, სავარაუდოდ, ნახევარი ტონით ხმამაღლა ესაუბრებოდნენ ვიდრე ჩვეულებრივ, საჭორაოდ შეხვედრილი ორი კაცი. ერთი მხრივ, ალბათ იმიტომ რომ ერთ-ერთი თანამოსაუბრე მთლად ახალგაზრდა ვეღარ იყო, მეორე მხრივ კი მათ შორის დისტანცია შეიძლება მივიჩნიოთ ამის მიზეზად. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?

კახა ისეთი კაცი იყო, თან რომ წუწუნი უნდოდა და თან რომ ცდილობდა არ ეწუწუნა, და ყველანაირ გრამატიკულ, ზრდილობიან, შეფარვით ფორმას იყენებდა იმის სათქმელად, რომ ძალიან ტკივა და რომ აღარ უნდა ის მილები მის ორგანიზმში იყოს გათხრილი, და ამას იმ იმედით ამბობდა რომ ვიღაცა მართლა დაუჯერებდა და მოხსნიდა. მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ექიმებმა უკეთ იცოდნენ რა და როგორ ექნათ.

არ ვიცი საიდან დაიწყო და რატომ, ჩემი იქ ყოფნის პირველი საღამო და მეორე დღე საჭმელზე საუბრით გაჰქონდათ ამ კაცებს. იმ ფონზე რომ საჭმელი არ შეიძლებოდა ჩემთვის, ეს ცოტა მოსაბეზრებელიც კი იყო, მაგრამ სვანური სამზარეულოს შესახებ გავიგე ბევრი რამ, იმიტომ რომ ძირითადად კახა ატარებდა მასტერკლასს. თავისი ცხოვრებისეული გამოცდილების და სვანური სამზარეულოს კარგად ცოდნის წყალობით, ორივენი თვალებში შევციცინებდით მას, თუმცა რა თქმა უნდა, ბუკვალურად შეციცინება არცერთს გამოგვდიოდა . აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არც მე და არც გიორგი კახას სახელით არ მივმართავდით, პაპა ან ბაბუ იყო ჩვენი პატივისცემის გამოხატულების სიტყვები. რასაც ვერ ვიტყვით ექთნებსა და ექიმებზე. სწორედ ახლახანს ვკითხულობდი წიგნს “დასასრულის განცდას”, საიდანაც რატომღაც ტვინში ჩამრჩა ის მონაკვეთი სადაც მთხრობელი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ის არ სურს, სიბერეში საავადმყოფოში მოხვდეს და ლაწირაკმა ექთნებმა და ექიმებმა შენობით დაუწყონ ლაპარაკი და ისე მოექცნენ როგორც კაი ხნის ძმაკაცს, თითქოს და მათიანად მიღების გამოსახატად. კახათი არავინ მიმართავდა, ყველა კახა ბაბუს ან პაპას ან ბაბუს ეძახდა მაგრამ სხვა სიტყვებში აშკარად იგრძნობოდა მიმართვიანობის “არაზრდილობიანი” ფორმები, რომელიც ქართულში აშკარად გარჩევადია.

(სულგუნი, ელარჯი, ჭივშტარი. ეს სამი კერძი მეგრული რომ მეგონა, თურმე არ ყოფილა. ცოტა განსხვავებულად აკეთებენ სამივეს, მაგრამ სახელები და პრინციპი ერთი და იგივეა. რომ ჩავეძიე მეგრული ხომ არ არისთქო, არაო, მეგრელები სულ არ არსებობდნენ მაშინო. ალბათ ყველა მეგრელი ერთხმად ჩაქოლავდა ამისთვის მას, მაგრამ მე იმას ვამბობ რაც მან თქვა.)

რა არის ადამიანი?! ერთი უნებისყოფო არსება, პატარ-პატარა სიამოვნების მიღების სურვილით ვცოცხლობთ და იმ მომენტში სხვა არაფერზე ვფიქრობთ, როცა ამ სურვილის ახდენის შანსი გვაქვს. ძმაკაცებთან თავის გამოდება, და შეჯიბრის მომენტი ხომ საერთოდ ყველასთვის, რაღაც მომენტში, დამღუპველი ჩვევაა.

სწორედ ასე მოხდა კახა პაპას შემთხვევაშიც. თურმე, რამდენიმე ხნის წინ, შაქრიანი დიაბეტი დაემართა და კიდე რაღაც-რაღაცები, რა თქმა უნდა ყველაფერი არ მახსოვს, მაგრამ ეს არცაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ ექიმებმა დიეტა დაუნიშნეს, და ისიც აუხსნეს, რომ თუ მას არ დაიცავდა, სავალალო შედეგების დადგომა გარდაუვალი იქნებოდა. 3-4 თვე ვიცავდი დიეტასო, არც ვსვამდი და არც ვჭამდი რაც მეკრძალებოდაო, მაგრამ  ჩემი ძმაკაცები მოვიდნენ სტუმრადო და რა თქმა უნდა როგორც ეკადრებოდა ისე გაუმასპინძლდა, სასმელიც გამოუტანა და საჭმელიც, კუბდრები და ნაირ-ნაირი სვანური გემრიელობები. მეც მომინდა მათთან ერთად ქეიფიო, დალია და კუბდარიც ჭამა. ექიმებმა უთხრეს, რომ კუბდრის გამოა ახლა 6 მილი რომ გამოდის და შედის მის ორგანიზმში და რვაფეხა რობოტს რომ ჰგავს, ერთ პოზაში წოლისგან ნაწოლები რომ აქვს და ექთნები ისე რომ მიმართავენ როგორც თავიანთ ტოლს. იმის გამო რომ კუბდარზე ვერ თქვა უარი, ან-იმის, რომ თავისი ძმაკაცები დასცინებდნენ, რომ ვერ სვამს და ჭამს მათთან ერთად, “კაცურ”, საჭმელსა და სასმელს.

სუსტები ვართ ადამიანები. ვიცით, რომ გვავნებს რაღაცა და მაინც ვაკეთებთ. ვიცით, რომ მოვკვდებით, თუ არ დავუჯერებთ ექიმს, მაგრამ მაინც ვაკეთებთ, იმას, რაც ადრე გვსიამოვნებდა. რა არის ამის მიზეზი, თუ არა სისუსტე, უნებისყოფობა და სულელობა?! _არც არაფერი. მაგრამ სამწუხაროდ, არ შეგვიძლია იმ ჩვევებსა და მანკიერ წესებზე უარის თქმა, რომელიც გვყუპავს. ყველაზე ცუდი ამ ისტორიაში ისაა რომ, კახა ბაბუ ალბათ კიდევ 10-14 დღე საავადმყოფოში დარჩება, იმდენად რთულია მისი მდგომარეობა, მაგრამ სახლში დაბრუნების შემდეგ, გავა 4 თვე ან მაქსიმუმ 6 და ის ისევ მიეძალება კუბდარსაც, სვანურ არაყსაც და ა.შ. ყველა ხომ ასე ვფიქრობთ “რაღა მე დამემართება”, “რაღა მე დამარტყამს მანქანა”, “ერთმა კუბდარმა რა უნდა მიქნას”… მაგრამ ვიღაცას ხომ არტყამს მანქანა, ვიღაცა ხომ კვდება საოპერაციო მაგიდაზე, რაც არ უნდა მარტივი იყოს ოპერაცია. და ის ვიღაცაც ეგრე ფიქრობდა, რომ რაღა მაინცდამაინც მისი შემთხვევა იქნებოდა ფატალური.

მასთან საუბრისას, უფრო სწორად მათი საუბრის მოსმენისას, სულ ის ფაქტები მაგონდებოდა, როცა სხვები ყვებიან ხოლმე ვიღაცა მხცოვან ადამიანთან გატარებული დროის ისტორიებს, როგორი გამოცდილი და მრავლისმნახველი ადამიანია და რომ აუცილებლად დაეჯერება და ა.შ. თავიდან მართლა ასეთი შეგრძნება მქონდა, იმდენად “დიდურად”საუბრობდა, დამაჯერებლად, სვანური კილოს მედიდურობით, მაგრამ ბოლოსკენ მივხვდი რომ გამოცდილება და საღი აზრი ასაკთან ერთად იშვიათად მოდის, და რომ უბრალოდ ყველაფერს გააჩნია. გააჩნია გარემოს, გააჩნია ვინ გზრდის, ვის ბაძავ, ვის უყურებ, რას გეუბნება ყველა, რა ინფორმაცია გაქვს და ა.შ.  რასაც ვერ დაუკარგავდით ბაბუს “კაცობა” იყო, ზრდილობა, სიამაყე, მეგობრულობა და სხვა კარგი კაცობის დამახასიათებელ ნიშნები. ბოლოსკენ ჯიხვებზე საუბარს იწყებს, თუ როგორ ელამაზება კლდიდან კლდეზე გადამხტარი , მედიდური, რომ ძალიან უყვარს მათი ყურება,მისი თქმით ამას არაფერი შეედრება, რომ უმიზნებ და კლავ ხანდახან ვერ კლავ მაგრამ არაუშავსო. ამ საუბრის შემდეგ რამდენიმე აღმზრდელობითი წინადადება ვთქვი, მაგრამ მალევე მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა, ხოდა ხო და არას პასუხის გაცემის რეჟიმს დავუბრუნდი.

მე მალევე გამომწერეს, რომ მოვდიოდი ძალიან შეეტყო დაღლა, იმის განცდა რომ ის კიდევ იქ უნდა დარჩენილიყო და ეტანჯა ჩვენი წასვლით გაათმაგდა. გიორგიც ჩემთან ერთად გამოწერეს, პალატაში დარჩა მხოლოდ ის. რა თქმა უნდა ვინმე ახალი თანაპალატელი მალე შევიდოდა , და ისევ თავიდან დაიწყებდა იმ ისტორიების მოყოლას რომელიც ჩვენ მოგვიყვა, სვანეთზე, ჯიხვებზე, სვანურ სამზარეულოზე, სხვას დაეწუწუნებოდა დრენაჟების მიერ გამოწვეულ ტკივილზე, საჭმლის უვარგისობაზე (კუბდარს არ აჭმევდნენ) , მაგრამ მათთანაც ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც ჩვენთან, სიამაყით, მორიდებითა და მორცხვობით. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ფორმას, ვინ, რას, როგორ იტყვის ან გააკეთებს, თუ შედეგი იგივე რჩება…

პაციენტი N2, გიორგი

Advertisements