Tags

, , , ,

წაიკითხე წიგნები და უკეთესად იქნებიო. გარითმეს. რამდენი კოგნიტური დისონანსი შეიძლება დაგემართოს ამ ლოზუნგის გამო. იმას რომ თავი დავანებოთ რა კომპანიის კამპანიის ნაწილია ეს სიტყვები, ამის გარეშე-ცალკეც სრულიად დამაბნეველი და ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტების მოყვანა შეიძლება, ერთი შეხედვით უწყინარი და ძალიან მოტივაციით სავსე წინადადების წაკითხვისა და გაანალიზების შემდეგ.

წიგნები წაიკითხეო, უკეთესად იქნებიო. სასაცილოა, არა? ანუ, რატომ ვიქნები უკეთესად?  უკეთესად ყოფნა რას ნიშნავს? იმის გაანალიზებას ხომ არა რომ მონობა ცუდია? თუ იმის გაანალიზებას, რომ იმის მიუხედავად ბევრი წიგნი გაქვს წაკითხული თუ ცოტა, მაინც იმ მძღნერში ზიხარ, რომელშიც უწიგნური იჯდებოდი. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ახლა ხვდები მძღნერში რომ ზიხარ, სუნიც გაწუხებს, და გემოც, იმასაც ხედავ როგორ გაჯვამენ, ყოველ დღე, ყოველ წუთს. მძღნერების დიფერენციაცია გაქვს ნასწავლი, იმდენი წიგნი გაქვს წაკითხული, რომ მძღნერების ექსპერტი ხარ მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ზიხარ და მოთმენით ელი ახალ პარტიას. პარტია კიდე არ აგვიანებს, არასდროს. უი, პარტიაზე გამახსენდა გირჩსაც ფაღარათი აქვს მგონი პლანი შლისო კუჭს. პრიორიტეტებში შეკრულობაა.

წიგნები წაიკითხე, უკეთესად იქნებიო. რას გვასწავლის წიგნები? ან გვასწავლის თუ არა რამეს. მოთმენას? იმის მიხვედრას, თუ რა უნდა მოვითმინოთ და რა – არა?  რა არის კარგი და რა-ცუდი? ალბათ წიგნსაც გააჩნია, მაგრამ ძირითადად, სხვადასხვა რეალობას გვაჩვენებს, ალტერნატიულ რეალობას გვთავაზობს, რომლისგანაც დასკვნები ხშირ შემთხვევაში ისევ ჩვენი სოციუმით შექმნილი აზროვნებით გამოგვაქვს. ძალიან ბევრს ვიცნობ, რომლებიც იმდენ წიგნს კითხულობენ მე რომ არც დამესიზმრება, მაგრამ ყოველთვის იმავე აზრზე არიან რაც მანამდე ჰქონდათ ჩაბეტონებული თავში. ალბათ მეც ეგრე ვარ. ერთობიან, მზესუმზირასავით ჭამენ და ჩენჩოებთან ერთად გულებსაც აფურთხებენ. აი, ბირჟაზე დამდგარი სასტავი როა და რაღაც ძალიან საჭირბოროტო საკითხს რომ განიხილავენ ფურთხებ-ფურთხებით და ბოლოს რომ ბედნიერები,  დასკვნის გამოტანის გარეშე იშლებიან.

რას გვასწავლის წიგნი? მიჯრით, ლამაზად ჩაწიკწიკებული სიტყები, რომლებსაც მერე სტატუსებად გამოვიტანთ სოციალურ ქსელში, იმის ხაზგასასმელად რომ ძალიან ერუდირებულები და მაგარი როჟები ვართ, მაგრამ პარალელურად გვერდზე ოთახში დედას რომ სცემენ, ხმამაღლა აწეული მუსიკით ვფარავთ, ჩვენვე რომ გვცემენ მაშინაც მუსიკას ვუწევთ. წიგნში შეიძლება ბევრი რამე წავიკითხოთ, ბევრ რამეს ჰქვია წიგნი. ზოგან ქალს კლავენ, ზოგან სახელმწიფოებრივი გადატრიალებაა, ზოგან შშმ პირებს აბულინგებენ, ზოგან მეგობარი მეგობარს დანას უყრის. ხოდა აი ასეთ რაღაცებს რომ ვკითხულობთ, უკეთესად რატომ ვართ ხოლმე? მე თუ დებილი ვარ და ვერ ვხდები რომ რაღაცა ფაქტი ცუდია, კი, უკეთესად ვიქნები.

ზემოთ კოგნიტური დისონანსების სიმრავლე ვახსენე. წაიკითხე წიგნები და უკეთესად იქნებიო. ეს სიტყვებია გამოკრული იმ კომპანიაზე, რომელიც ხალხს ისე ამუშავებს, როგორც მონებს. რომელიც თავის თანამშრომლებს თავში წამოსარტყმელ არსებებად აღიქვამს, დაბალ ღობედ, რომლებსაც უკეთესი სამსახური თუ უნდათ “უკეთ უნდა ესწავლათ”, რომლებსაც თუ არ მოსწონთ მონომა სხვაგან წასვლისკენ მოუწოდებს. ხოდა, აი, რატომ აქვს ეს ლოზუნგი ასეთ კომპანიას? იმიტომ რომ იცის, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წიგნი გაქვს წაკითხული, უკეთ მაინც ვერ დაინახავ, იმას, რაც დასანახია. მძღნერი ვახსენე ზევით.რამდენ თანამშრომელს აქვს წაკითხული წიგნები? რამდენი არ იღებს ხმას? რამდენს ჰგონია, რომ თუ ყველა ერთად ამოიღებს ხმას, მაინც წააგებენ ომს? რამდენ უბრალო მომხმარებელს აქვს წაკითხული წიგნები? იმათ, ვინც ახლაც იქ დადის და ახლაც იმ ახალგაზრდებს აკრიტიკებს, რომლებიც მშრომლებთა უფლებებისთვის იბრძვის? მომხმარებელი მაინც არ იყო და წიგნებს მაინც არ ყიდულობდე.

მაინც რომ ჩუმად ხარ, მაინც რომ გეშინია, მაინც რომ იმას თანხმდები რასაც შენ მიერ წაკითხულ წიგნებში არავინ თანხმდება. მაპატიე, მაგრამ საერთოდ ნუღა წაიკითხავ, ალბათ “ბიბლუსშივე” ნაყიდი წიგნებით “ნათლდები” და კიდე უფრო ნუღა გაამდიდრებ.

“როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!” ერის სიჩლუნგეშია პრობლემა, ერის, რომელსაც ჰგონია რომ არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს იმათ მიმართ ვინც იჩაგრება. ერი ზედმეტად ძლიერი და კარგი სიტყვაა იმ ხალხის დასახასიათებლად რომელიც საქართველოში ცხოვრობს. ერი არა ტოროლა. ადრე ისე იყო, ჩვენ თუ არ მოგვხვდებოდა თავში მანამდე ხმას არ ვიღებდით, ახლა არც მაშინ ვიღებთ უროს რომ გვირაკუნებენ თავში. “იიიი ღმერთს რაც უნდა ისე იქნება.”

წიგნების კითხვა კარგია! მაგრამ მაშინ, როცა მოქმედების დროა – არა. გაბედე შენც და ბევრნი თუ ვიქნებით ფეხებს ვერ მოგვჭამენ. რა გაგიკეთებია იმისთვის, რომ უკეთესად იყო? წიგნები წავიკითხეო არ თქვათ ოღონდ.

ახლა ვიღაცა გამოხტება და იმას აზრს გამოიტანს ამ პოსტიდან, რომ ვითომდა ხალხს მოვუწოდებ წიგნები არ იკითხონ.  დაე…

Advertisements