მძინარე ქალაქში მძინარე ქალმა გამოფხიზლებით თავი დაიხსნა
მოხდა საოცრება და სამყარო შავ-თეთრზე ოდნავ ფერადად აღიქვა.
გადაქცეოდა მძინარეობა გზადაგზა თავის მოკვლის სურვილად
და მოუნდა დაეძინა სიზმარში რომელიც სულს უშრობდა წყურვილად.
მან დაიძინა და გამოფხიზლდა სველ ქვიშასა და მწვანე ტალღებში,
ქაფმოსვრილი თმა უფრიალებდა, ეფერებოდა დიდრონ თვალებში,
ერთი გახელა, თვალზე სისველე, ხელის კანკალი და ღრმად ჩასუნთქვა,
მე სცენა ვნახე ყველა რეჟისორს იმ მთავრის ჩათვლით ტაში დაუკრავს!
ულამაზესი თმები ლამაზმანს სასიამოვნოდ აიდუმალებდა
ვერავინ იცნობდა თუმცა, როგორც ჩანს, უგულოდ გაყიდეს თვალებმა,
ზღვამ მიაძახა ტკბილი შრიალი, მონატრებოდა მისი სტუმარი,
პასუხად, ღვთაებას, თვალის დახუჭვით გაუგზავნია კოცნა მხურვალი.
ქარის წრიალი, კანზე წვეთები, ტუჩზე ჰაერის კოცნის წყურვილი
გრძელი კაბა და მოკლე ფიქრები ნუთუ არ გაგიჩნდათ ამბორის სურვილი?
ქვიშა ქალის ფეხებზე ტოვებდა ნაკვალევს, ბევრისთვის არნახულს
ისიც უტოვებდა ფეხის გულს, როგორც ატამი ფერებას, გაზაფხულს.
ქალი ქალღმერთი დაფრინავდა ნაპირზე თეთრ თოლიების თანხლებით
დრო გადიოდა , გადიოდა, და მოდიოდა წამი თავხედი.
შემოღამებულა, ულამაზესად მიუბაძია მზეს ამ ქალისთვის,
გაუჩინარდა, მაგრამ გადადო ეს სილამაზე მეორე ღამისთვის.
ერთი დამთქნარება, ქუთუთოს დამძიმება, ფეხების ნელა თრევა,
შორს ვეღარ გახედვა, ჯრუანტელის დავლა და ძირს დაწოლის შვება,
ქალის უძირო, იისგან დამტვერილი, ფერების მძევალი თვალებიც
ნელ-ნელა გაუჩინარდ,ა როგორც ღაჟღაჟა მზე, უძირო ზღვის ტალღებში.

დამთქნარება და გაღვიძება მწვანე ოთახში დილის რიჟრაჟზე
გადაბრუნება, გადმობრუნება, ფეხზე ადგომა, დაყნოსვა იაზე.

ქუჩაში მტვერის ჩაყლაპვა, ასფალტზეც ვეღარ აჩნდება ნაკვალევი,
თუმცა კი ღირდა იმისთვის ცხოვრება რამეთუ სიზმარში გაქალღმერთდი.

Advertisements