Tags

,

ursula_by_lord_mo-d5e7tn8

პოსტი იმაზე თუ ვინაა უფლებადამცველი, ანუ როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები.

მოწყენილი ვიყავი, თბილისში, სახლში, მარტო. რაღაც-რაღაცებს უნიათოდ ვათვალიერებდი და ბოლოს, რუტინამ მომაბეზრა თავი და ზარები დამკიდა. ალბათ, ყველა მოწყენილი ერთმანეთს ჰგავს. მაგრამ, როგორც ჩემზე ჭკვიანები დაკვირვებიან ბუნების წესებს, განთიადი, ყოველთვის ყველაზე ბნელი პერიოდის მომდევნოა. არც ჩემი სიბნელე იყო გამონაკლისი და სრულიად შემთხვევით “იჩითება პონტი” (როგორც ამას “მდაბიო” ხალხი ვუწოდებთ),პონტი ზაფხულში, ზღვაზე, ბათუმში ჩასვლისა. გაირკვა რომ, ტარდებოდა ტრეინინგი, 5 დღიანი, რომლის ორგანიზატორიც ა.ს.ო. “იდენტობა” გახლდათ, და რომლის ერთ-ერთი თანამშრომელი, ჩემი მეგობარია. დედლაინი გასული იყო, რეგისტრაციის, თუმცა აქა-იქ, ხალხმა უარი თქვა , ადგილი გათავისუფლდა, და ტუზი ზედ ამ თავში დამეცა.

რა არის ტრეინინგი? უფასო ტრანსპორტირება, უფასო ჭამა, უფასო საცხოვრებელი და პლუს ამას ტრეინინგი.

მეორე დღესვე ბათუმში ვიყავი.

მივედი სასტუმროში, მე სასტუმროში არ ვრჩებოდი, იმიტომ რომ მეგობარი მყავდა ბათუმში რომელთან ერთად დარჩენაც ვარჩიე, თუმცა ანაზღაურებას და ხალხის შეკრებას ველოდი იქ. ვაჭარაძეზე ბევრი ლეგენდა მსმენია,

ბევრი კონკრეტული ფაქტი, ბევრიც ჭორი, მაგრამ ჭორი ყველაზე ცოტა. ალბათ თქვენც გსმენიათ მასზე ბევრი. ხოდა ყველაფერი მართალია რაც კი გსმენიათ. კარგი თუ გსმენიათ რამე, ეგ ჭორია.მე , პირადად, არასდროს მყავდა ის ნანახი და ერთი სული მქონდა, ჩემი ორივე სულის სარკით დამენახა. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, კიდევ კარგი თვალებში ფარტე კუთხიანი ლინზები გვაქვს.რომ შემოვიდა ეგრევე შევატყე რომ ბუნება ჰქონდა ულამაზესი. ძალიან კეთილი, და საყვარელი პიროვნება, რომელსაც , გრძნობ, რომ ყველაზე და ყველაფერზე გული შესტკივა, მის საუბარში, ქცევებში, მონაყოლ ისტორიებში და ასე შემდეგ, ყველაფერში, გამოსჭვივის სიკეთე და პატრიოტიზმი. გულწრფელი საუბრებისას მომიყვა თუ როგორ შესტკივა გული აფრიკაში მწყურვალ ბავშვებზე( ეს იმ სახლის აივანზე იყო ,  როგორ აგიხსნა? სუფრა რომ ყოფილიყო, და არა სახლი ,ვიტყოდი ჩიტის რძე არ აკლდათქო). მე, რა თქმა უნდა, ყველაფერს პირდაპირ ვამბობდი რაშიც ვეწინააღმდეგებოდი, ზოგჯერ უტაქტოდაც(ამ სიტყვის ფართოდ გავრცელებული მნიშვნელობით) , მაგრამ ყველაფერი მაინც კარგად იყო მას სიამოვნებდა ჩემთან ურთიერთობა, მე კი მასთან.

პირველ დღეს ტრეინინგს დავესწარი, ყველაფერმა ექსცესების გარეშე ჩაიარა, მინდა გითხრათ კმაყოფილი დავრჩი, ასე თუ ისე , ყველა თუ არა რამდენიმე ტრენერი მაინც იყო კომპეტენტური.ტრეინინგის გარეთ როცა საჭმელად წავედით, კიდევ ერთხელ, პირდაპირ ვუთხარი ვაჭარაძეს, იმ მომენტში, რა აზრიც მოვიდა, მის მიერ ნათქვამ სიტყვებზე, მერე კიდევ ერთხელ ვიხუმრე და ასე ტკბილად დავიშალეთ.

მივედი სახლში, მოდის მესიჯი, რომ მე ტრეინინგიდან ვარ მოხსნილი,იმის გამო რომ ირაკლი ვაჭარაძეს იდეოლოგიებში არ დავემთხვიე, თუმცა გზის ფულს მინაზღაურებენ.

ოდესმე, ბედნიერად გიგრძვნიათ თავი? აი ეგ შეგრძნება ცოტა უფრო გაამძაფრეთ და წარმოიდგინეთ, რომ აი ზუსტად მასე გამიხარდა. პირველი ის რომ, უფრო მეტი დრო, ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნისთვის, მეორე, ვაჭარაძეს იდეოლოგიებში, რომ არ დავემთხვიე(ეს ცალკე აღსანიშნავი და გასახარი ფაქტია.) ,მესამე, ფოტოების გადასაღებად უფრო მეტი დრო მრჩებოდა და მეოთხე, ფულს მაინც ანაზღაურებენ.

ამ ამბის შემდეგ დაიწყო მხიარულება, მზე ანათებდა, ზღვა სუფთა იყო, მეგობრები ვსვამდით ვსეირნობდით, ფოტოებს ვიღებდით, ისევ ვსვავდით, ვჭორაობდით , გაგიკვირდებათ და თემა გვქონდა, ვიყავით თევზის ბაზარზე, ულამაზესი კომპოზიციები დაიხატა იქაც, რაც  თევზის სუნმაც კი ვერ გადაფარა. მიდიები. პირველად გავსინჯე. ოჯახურ გარემოში, მეგობრების წრეში, ფუსფუსი, უგემრიელესი კერძის სუნი, იუმორი, ხორხოცი, ღვინო და სიგარეტი. ეს ისეთი სცენა იყო, რომ, მეგონა, რომელიღაცა ფრანგი რეჟისორი იდგა ჩვენ უკან და დირექტივებს იძლეოდა, რომ უფრო გენიალურად მხიარულად და ამავდროულად მშვიდად წარმოჩენილიყო ჩვენი ბათუმური საღამო.

ბოლოსკენ, მოვიწამლე, ზღვის წყალმა მოგწამლაო ექიმმა მითხრა, მაგრამ მგონი ემოციების სიჭარბემ მაწყინა, მიუჩვეველი ვარ მაინც. ბოლო დღე ჩავარდა, თუმცა, ჩავარდა ამ სიტყვის ფართოდ გავრცელებული მნიშვნელობით, ჩვენთვის კი, ეს დღეც იყო ურთიერთობა.

წერილი ვაჭარაძეს

ვიცი, მე ვარ ინტრიგანი, მე ვარ უზრდელი, უტაქტო, გაუზრდელი, ჯერ კიდევ ბავშვი, რომელმაც არ იცის საზოგადოებაში როგორ უნდა მოიქცეს, არც წერა ვიცი და არც ბევრი მაქვს წაკითხული, თუმცა თქვენ, არც უტაქტო ხართ და არც უზრდელი, და საზოგადოებაში მოქცევაც იცით, უბრალოდ ადამიანობა (ამ სიტყვის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ცნებით) არ მოიცავს მხოლოდ იმას, თუ, როგორ იქცევით საზოგადოებაში. ადამიანობაა ის, თუ როგორ მოქმედებთ, რაზე ფიქრობთ, რაზე საუბრობთ, საზოგადოების ზურგს უკან. მე, ადამიანი, რომელიც წესით თქვენგან დახმარებას უნდა ვიღებდე, სულიერ საზრდოს, დაცვას და მხარში დგომას, მხოლოდ იმის გამო მომისროლეთ თქვენი თვალსაწიერიდან, რომ პირდაპირ გეუბნებოდით იმას, რასაც ვფიქრობდი (რასაც არა მარტო მე ვფიქრობდი). გირჩევთ ისწავლოთ განსხვავებული აზრის მოსმენა, როგორი მტკივნეულიც და არა ტაქტიანიც, უნდა იყოს ეს აზრი. სწავლის შემდეგ კი, გირჩევთ დააფასოთ განსხვავებული აზრი, ეს ის აზრებია რომელიც თქვენ, ადამიანად(ამ სიტყვის ყველაზე გავრცელებული მნიშვნელობით) გაყალიბებთ. ადამიანები კი არ იზომებიან იმით თუ რამდენი მტერი ჰყავს, იზომებიან იმით, თუ რამდენი მეგობარი ჰყავთ. რამდენი მეგობარი გყავთ თქვენ?

პ.ს.გმადლობ დაუვიწყარი ემოციებისთვის რომელიც მაჩუქეთ.

პ.პ.ს. ბოდიში არაა მიღებული.

მუდამ თქვენი,

ლაშა ცერცვაძე

არ ვიცი რა მოხდა, რატომ დავტოვე ტრეინინგი, რატომ გადაწყვიტა ირაკლიმ ჩემი მოხსნა, ზოგი ამბობს შეეშინდაო, ზოგმა მართალი იყოო, ზოგმა ტრეინინგის ინტერესებიდან გამომდინარეო, არ ვიცი. მე მჯერა ირაკლისი და ვენდობი მას.

მეტი ვიზუალიზაციისთვის და იმათთვის ვინც არ იცნობთ ირაკლის, უყურეთ მულტფილმ “the little mermaid,1989/პატარა ქალთევზას“.

ხოლო იმისთვის რომ გაიგოთ, თუ, როგორ გავატარე ზაფხული მე იხილეთ ბმული ჩემი გადაღებული ბათუმის ფოტოები

“ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტები წარმოადგენს ავტორის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. პოსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, თუ სხვა რამ არ არის მითითებული. მასალის გამოყენება (კოპირება, გადაბეჭდვა) აკრძალულია ავტორის წერილობითი ნებართვის გარეშე. “