Tags

, , , , , , , , , , , ,

11787471_10204756796745228_1775882216_n

ფოტო: თამარ მირიანაშვილი

არ ვიცი, ვინ რატომ ხსნის ბლოგს ან რატომ უნდება პოსტის წერა, ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით, ზოგს რაღაც არ მოსწონს , ზოგს – პირიქით, ზოგს ვიღაცაზე/რაღაცაზე გული შესტკივა და უნდა მისი ნათქვამი გაიგონ, რაიმე რეაგირება მოჰყვეს და ის პრობლემები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს რომ პრობლემაა, და არც თუ ისე ხელწამოსაკრავი, არ მიჩქმალონ და არ დახუჭონ თვალები, მათ ვისი პირდაპირი მოვალეობაცაა ამ ყველაფრის დანახვა.

ამ კონკრეტულ პოსტში, ჩემ პირად გამოცდილებას მოგიყვებით, რომელიც ბათუმში, ტურისტულ სეზონზე ჩასულს შემემთხვა.

ყველაფერი იყო გადასარევად, სანამ ზღვაში არ ვიბანავე. ყველასთვის ცნობილია, რომ ბათუმის ზღვა, მარტივად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სუფთაა, ხოლო თუ რთულად ვიტყვით, უნდა აღვნიშნოთ რომ კანალიზაციაში ვბანაობთ, რაც თავისთავად ინფექციების იდეალური წყაროა. ბათუმში ყოველი მესამე, თუ უფრო მეტი არა, ზღვის წყლით იწამლება. ჩემი პოსტიც ამ თემაზეა, უფრო კონკრეტულად კი პოსტ-მოწამვლის შესახებ.

რას აკეთებს ადამიანი პირველ რიგში, როცა ბათუმის შავი ზღვის წყლით იწამლება? რა თქმა უნდა არაფერს, იმიტომ რომ არ იცის რომ მოიწამლა. საინტერესო კი ისაა, რატომ არ იცის. არ არსებობს გამაფრთხილებელი ნიშნები, არ არის სატელევიზიო გადაცემები, არაა ხალხი ინფორმირებული ინფექციებისა და ზღვის სიბინძურისგან შესაძლო ავად გახდომის რისკებზე. ჩემი, რიგითი მოქალაქის, მხრიდან ამის ახსნა ალბათ არ იქნება სწორი, თუმცა, ვვარაუდობ რომ ეს ტურისტების ნაკადის მოსალოდნელი შემცირების გამო უნდა ხდებოდეს. ბინძურია წყალი – ნაკლებია ტურისტი, გწამლავს წყალი – არ არის ტურისტი. ამის გამო, უპასუხისმგებლო მთავრობა, სახელმწიფო თუ სხვა პასუხისმგებელი ორგანო, მარტივად რომ ვთქვათ “ფეხებზე იკიდებს” ადამიანის ჯანმრთელობას. როგორც მოსახლეობა აღნიშნავს კანალიზაცია არასწორადაა გაყვანილი ზღვისკენ, არც ისე ღრმად როგორც უნდა იყოს, და ამიტომ, ნაპირთან გროვდება ყველა ბაქტერია თუ ინფექციის გამომწვევი ვირუსი.

როგორც უკვე ვთქვი, ზღვაში ვიბანავე და მეორე დღეს არაფრის თავი არ მქონდა, არც მადა და არც მეგობრებთან ერთად დროის გატარების სურვილი, თუმც ბათუმში, ამის მეტი არც არაფერია გასაკეთებელი. ვერ მივხვდი რა მჭირდა, იმიტომ რომ, როგორც უკვე გითხარით, ინფორმაცია არ მქონდა. ამიტომ, მოწამვლის  წუთიდან 2 დღე გაუგებრობაში გავატარე, შემდეგ კი როცა უკვე თბილისში დაბრუნების დრომ მომიწია, და აშკარა იყო, რომ უკეთ არ ვხდებოდი, სასწრაფო გამოვიძახეთ, იმის შიშით რომ 6 საათის განმავლობაში (ბათუმი-თბილისი) უარესად არ გავმხდარიყავი. აქედან კი იწყება, აი ის მომენტი, რომ ამბობენ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო.

 

მოვიდა სასწრაფოს ორი ექიმი, ან რამე სხვა. ერთ-ერთმა ფეხზე გაიხადა და მაგიდაზე შემოდო ფეხი (ალბათ სცხელოდა), მეორემ კი, ალბათ იერარქიით უფრო მაღლა მდგომმა, სტანდარტული კითხვების დამისვა, და დიაგნოზიც დასვა, და მოაყოლა, რომ თითქმის ყველა გამოძახება ამ მიზეზითაა ტურისტულ სეზონზე. შემდეგ გვითხრა “რინგერი” უნდა გადაისხაო, რის გამოც გამოვიძახეთ საერთოდ. რა თქმა უნდა დავეთანხმეთ, და როცა ფასი ვიკითხეთ ან ანაზღაურებს თუ არა დაზღვევა “რინგერის” გადასხმას , ვერანაირი ინფორმაცია ვერ მივიღეთ, რადგან, როგორც თვითონ თქვა,  ეს მისი საქმე არაა. ცხელ ხაზზე დარეკეთო, ოღონდ მე არ მახსენოთო, ანუ ექიმმა რომ დაგარეკინათო, ეს ვერ ავხსენი და თქვენთვის მომინდვია. იქაც არაფერი იცოდნენ. და შემდეგ დაიწყო “ექიმის” კომენტარები, იმ შინაარსით რომ შეაცოდე თავი და იქნებ უფასოდ გადაგისხან ის სითხე, რომელიც 2,5 ლარი ღირს აფთიაქში, და რომელშიც 60 ლარს იხდის ყველა, გარდა სოციალურად დაუცველის, 6 წლამდე ბავშვისა და სტუდენტისა. წავედით სასწრაფოს მინირაღაცით, სასწრაფო რომ არ რქმეოდა, არ აღვნიშნავდი რომ 15 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა, ყველა ფანჯარა ჩამოწეული, მაშინ როცა 38,5 მქონდა სიცხე, და რომ ვუთხარი სიცხე მაქვს და აწიეთ მეთქი, მერე რა რომ სიცხე გაქვსო, თუმცა მაინც აწია.

მივაღწიეთ ინფექციურ საავადმყოფომდე, “GEORGIAN HORROR STORY” რომ არსებობდეს სერიალი, პირველ სეზონს ამ ინფექციურს დავუთმობდი, უპირობოდ. ყვითელი ნათურები რომ ბჟუტავს, ინთება და ქრება, გარშემო არაფერია, გარდა სიბნელისა, არანაირი მიმანიშნებელი ნიშანი, იმისა, რომ საავადმყოფოში მოხვდით.

11774569_10204756798105262_176662419_n

ფოტო: თამარ მირიანაშვილი

11816047_10204756797385244_1165873883_n

ფოტო: თამარ მირიანაშვილი

შესვლისას, ვინმე უკბილო ქალბატონმა, სახელად იზომ, დამისვა დიაგნოზი რომ მოწამლული ვარ, რომ გაიგო სტუდენტი ვარ, ძალიან გაუხარდა, რადგან უფასოდ მეკუთვნოდა “რინგერის” ხსნარი , რომელიც 2,5 ლარი ღირს და ინფექციურში 60 ლარად გისხამენ.

საბუთები გაფორმდა, მე, ჩემი სტუდენტური პრივილეგიით დავწექი, რათა დამეწყო გადასხმის პროცედურა. მოვიდა, სავარაუდოდ მედდა, მწვანეებში, ყოველგვარი ხელთათმანის თუ ჰიგიენური ნორმის დაცვის გარეშე გამიკეთა კათეტერი,  რამდენიმე წვეთი სისხლიც დაეწვეთა შიშველ ხელზე (ალბათ არა პირველად), მარტივად მოიწმინდა და განაგრძო ქოთქოთი იმ პაციენტებთან, ვინც თვლიდა რომ 2,5 ლარიანი “რინგერში” 60 ლარის გადახდა ძალიან ბევრია. გადასხმის პროცესში, კიდევ იყო რაღაც-რაღაცა კომენტარები, მაგალითად: “სასწრაფოს მანქანამ სპეციალურად აქ მოგვიყვანა, რადგანაც ეს ფასიანია”; “სხვაგან უფასოა” და ა.შ. მაგრამ ამის დადასტურების საშუალება არ მომცემია. სამი რინგერის გადასხმის შემდეგ, ჩემდა საუბედუროდ,  ტუალეტში მომინდა. საავადმყოფოში რომ ტუალეტში შესვლა მოგინდება, როგორც მინიმუმ უბედური ხარ. ჩემი საქმე ვქენი იმ გარემოში, სადაც იმ სერიალის საფინალო სცენას გადავიღებდი, ზემოთ რომ გითხარით, ხელის დაბანა რომ მომინდა აღმოვაჩინე რომ ხელსაბანი არაა. ხოდა, დავიწყე სიცილი, სატირალი რომ არ ყოფილიყო.

რჩევა: არ იბანაოთ შავ ზღვაში, რომელიც ბათუმშია.

Advertisements